ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები რიგგარეშედ განიხილა

ცხინვალის რეგიონში განვითარებული  მოვლენების გამო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც რიგით მე-13 სესია ედინბურგში 5-9 ივლისს მიმდინარეობს, პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა საქართველოს საკითხი. სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.


“დღეს საქართველო ომის საფრთხის წინაშე დგას. ეუთოს შეუძლია თავიდან ააცილოს საქართველოს ომი ეთნიკურ ნიადაგზე, რომელიც არ სურს საქართველოს და რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენთვის”, ასე მიმართა ასამბლეის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში შექმნილ ვითარებაში რუსეთის როლზეც გაამახვილა ყურადღება.


“დღეს რუსეთის მშვიდობისმყოფელები ან განახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ან თითოეული ჩვენგანი და საერთაშორისო ორგანიაზციები და მათ შორის ეუთოც, უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ განიხილოს რუსეთის სამშვიდობოების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების საკითხი”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბრიუს ჯორჯმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს დელეგაციას და აღნიშნულ საკითხზე, როგორც პირველი რიგის ღონისძიებაზე, დანიშნა ბიუროს რიგგარეშე სხდომა.


“თუ ხვალამდე არ დარეგულირდება ე.წ. სამხერთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 9 ივლისს პლენარულ სხდომაზე, მიიღებს შესაბამის რეზოლუციას”, განაცხადა ბრიუს ჯორჯმა 8 ივლისს.

Exit mobile version