საქართველოს უშიშროების მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის “კრიმინალური რეჟიმი“ თბილისის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.
“ომი ერთადერთი გზაა კოკოითისთვის თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა, ჩვენ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით“, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
“დღევანდელი ინციდენტი წინასწარ იყო მომზადებული. კოკოითი მედიკამენტებს და იარაღს აგროვებს, თუმცა მას არ აქვს საკმარისი შეიარაღება, რათა წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ ვიცოდით, რომ კოკოითი პროვოკაციებს გეგმავდა და ამისათვის მზად ვიყავით. საქართველოს მთავრობას შეუძლია არსებული სიტუაციის მოგვარება და ჩვენ არ ჩავებმევით შეიარაღებულ კონფლიქტში“, დასძინა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სტრუქტურების ყურადღება ასევე მიმართულია კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. “ჩვენ ხშირი კონტაქტები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო: კოკოითის რეჟიმს მოსკოვი მხარს არ უჭერს“, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის ინფრომაციით, ასევე არსებობს ცნობა, რომ გარკვეული შეიარაღებული ძალები როკის გვირაბს მოადგა.
“სამხედრო ტექნიკა დგას 10 კმ მანძილზე როკის გვირაბიდან. საერთაშორისო დამკვირვებელებს მოვუწოდებთ კონტროლი განახორციელონ. ჩვენ შეგვწევს საკმარისზე მეტი ძალა, რომ თუ საჭირო გახდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფო“, დასძინა ვანო მერაბიშვილმა.