საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში იარაღის უკანონო გადაადგილებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში იარაღის უკანონო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.


“‘მაშინ როცა ქართული მხარე ყველა ღონეს ხმარობს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიაღწიოს, რუსი სამშვიდობოების არაკოორდინირებული ქმედებები კონფლიქტის ზონაში არსებულ ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.


ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტის მოგვარებას და მზად არის საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმება შეასრულოს.


ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა 7 ივლისს გვიან ღამით რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, ავტოკოლონა რუსეთიდან ცხინვალისკენ მიემართებოდა.


 

Exit mobile version