ევროპის საბჭო გმობს ოსური მხარის “პროვოკაციულ” ქმედებებს

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ევროპის საბჭოს სახელით დაგმო ოსური მხარის პროვოკაციული მოქმედებები და ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ფაქტები.


“ევროპის საბჭო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიან მცდელობას აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზაგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში”, განაცხადა ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა.


დელეგაცია მოუწოდებს რუსეთს თავის შეიკავოს ორმაგი სტანდარტებისგან, რადგან “მათ სეპარატიზმის ზუსტად ისეთივე პრობლემა აქვთ ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორიცაა სამხრეთ ოსური პრობლემა საქართველოში”, აღნიშნა იორშმა.


“მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, რათა დაარწმუნოს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან”, განაცხადა მათიას იორშმა.


მისივე თქმით, ევროპის საბჭო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს შექმნილ ვითარებაში და “მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს იგივე”, დასძინა იორშმა.

Exit mobile version