საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 7 ივლისს უარყო ინფორმაცია, თითქოს მან იცოდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული შეიარაღების შეტანის თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის ის პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, წინასწარ ინფორმირებულნი იყვნენ იარაღის შეტანის თაობაზე. რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ დამატებითი იარაღის შეტანა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შეთანხმებული იყო ქართულ მხარესთან შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში. სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა კომისიაში ქართულ მხარეს წარმოადგენს.
“შინაგან საქმეთა მინისტრი, მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე, ფაქტებს უნდა გაეცნოს. შერეულმა საკონტროლო კომისიამ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული ვეტმფრენების და სამხედრო აღჭურვილობის შეტანის თაობაზე 1996 წელს მიაღწია. ამიტომ, მე ამ შეთანხმებასთან საერთო არაფერი მაქვს“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 7 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ.
რუსული მხარე აცხადებს, რომ შეთანხმება საავიაციო კომენდატურის ცენტრის შექმნის თაობაზე 2 ივნისს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე იქნა მიღწეული. თუმცა, ხაინდრავა ამას უარყოფს.
“მხოლოდ 1996 წლის 10 ივლისს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ორი რუსული ვეტმფრენის შეყვანას კონფლიქტის ზონაში“, დასძინა ხაინდრავამ.