ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 29 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე მონიტორინგის მისიის 6 თვით გაგრძელების შესახებ.
150-მდე უიარაღო დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს ახორციელებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა დააკვირდნენ და აღმოჩენის შემთხვევაში განაცხადონ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების შესახებ.
ეუთოს თბილისის ოფისის განცხადებით, 2003 წლის განმავლობაში საზღვრის გადმოკვეთის 42 საჰაერო და 373 სახმელეთო შემთხვევა დაფიქსირდა.
ეუთოს მისიის განხორციელება 1999 წელს, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის 82-კილომეტრიანი მონაკვეთის პატრულირებით დაიწყო, რასაც წინ უძღოდა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებები შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის თხოვნით, 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა გაეფართოებინა მონიტორინგის მისია ინგუშეთის 58-კილომეტრიან მონაკვეთზე. ხოლო 2002 წლის დეკემბერში ეუთომ კვლავ გააფართოვა მონიტორინგის მისია დაღესტნის მიმართულებით.