პარლამენტმა “აჭარის სტატუსის” შესახებ კონსტიტუციური კანონი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა 174 ხმით , 12-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნასთან ერთად აჭარის ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა სტრუქტურას განსაზღვრავს.


კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლების” წარმომადგენლებმა და “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დეპუტატებმა.


ამ კანონის ამოქმედებით 20 ივნისს აჭარაში ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეული უმაღლესი საბჭო უკვე კონსტიტუციური კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაიწყებს მუშაობას.


“ასევე ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე, პრეზიდენტს ექნება ლეგიტიმური უფლება დაასახელოს და წარუდგინოს დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა”, განაცხადა პარლამენტში კანონპროექტზე მომხსენებელმა, გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა.


ჯერ კიდევ არჩევნებამდე, პრეზიდენტის  მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მოქმედ ხელმძღვანელს, ლევან ვარშალომიძეს დაასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version