“რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

“რესპუბლიკური პარტიის“ ოთხმა წევრმა პარლამენტის უმრავლესობის  რიგები დატოვა. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.


“რესპუბლიკური პარტია ტოვებს უმრავლესობის რიგებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი აჭარაში უზენაესი საბჭოს გაყალბებული არჩევნები და ასევე აჭარის სტატუსის შესახებ კანონპროექტის არსებული მოდელია, რომელსაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ“, განაცხადა 30 ივნისს დავით ბერძენიშვილმა.
    
მისი თქმით, უმრავლესობის რიგებს ასევე ტოვებენ ივლიანე ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი და თემურ ნერგაძე.


თუმცა “რესპუბლიკური პარტიის” დანარჩენმა ორმა დეპუტატმა ნუგზარ მგელაძემ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თანაპარტიელებისაგან განსხვავებით უმრავლესობაში დარჩენა ამჯობინეს.


შედეგად რომან გოცირიძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა, ხოლო უმრავლესობის ქვოტით დანიშნულ განათლების, სპორტის, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან ბერძენიშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევს.


“სამწუხაროა ის, რომ თავის დროზე აჭარის არჩევნებში ერთად [ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა] არ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ აქამდე ერთად ვიბრძოდით და შევძელით ბევრი პრობლემის გამოსწორება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ განსხვავებული აზრი იქნებოდა, უმრავლესობის ფორმტში შევძლებდით სადავო საკითხის მოგვარებას. თქვენი გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ სამწუხაროა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


“რესპუბლიკურმა პარტიამ“ “ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება პირველად აჭარაში 20 ივნისს, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების შემდეგ გააკეთა. დავით ბერძენიშვილმა ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პრეზიდენტის მხარდამჭერმა პარტიამ „სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა“ ხმათა უმრავლესობა 72,1% მიიღო, „ბერძენიშვილი – რესპუბლიკელებმა“ კი 13,51%. შედეგად, 30-მანდატიან აჭარის უმაღლესს საბჭოში 28 ადგილი ნაციონალებს, ხოლო 2 მანდატი “რესპუბლიკელებს“ ერგოთ.



Exit mobile version