რესპუბლიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
დავით ბერძენიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
“ნაციონალკური მოძრაობა თითქმის იგივე მეთოდებით მოქმედებს, როგორც მოქმედებდა “დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ (დაკი). ნაც-დაკთან კი ჩვენ კავშირი არ გვინდა. უახლოეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობიდან გამოსვლის საკითხს პარტიის წევრების წინაშე დავაყენებთ“, განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
აჭარაში 20 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემებით 7% ბარიერი „სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარამ“ გადალახა და ხმათა უმრავლესობა – 75% მიიღო, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 9% მოიპოვა.
ბერძენიშვილის განცხადებით, იგივე შედეგებით მთავრდებოდა აჭარაში გასულ წლებში ჩატარებული არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობას მხოლოდ აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის პარტია – დემოკრატიული აღორძინების კავშირი იღებდა.
რესპუბლიკური პარტია “ნაციონალურ მოძრაობის“ პარტნიორი ორი წლის წინ გახდა.