ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაცია აჭარის არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს

ევროპის საბჭოს კონგრესის 8-კაციანი დელეგაცია ჯოსეფ ბორგის ხელმძღვანელობით დღეს ბათუმში ჩავიდა, სადაც აჭარაში 20 ივნისს დაგეგმილ არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს.
 
მისიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საარჩევნო კომისიების, ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან. დელეგაცია 17 ივნისს თბილისში უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მისგან არჩევნებისათვის მზადების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
 
აჭარის მოსახლეობა 20 ივნისს ახალ, 30-კაციან ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლეს საბჭოს – აირჩევს.
 
აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააუქმა აბაშიძის მარიონეტული ორპალატიანი პარლამენტი და რეგიონში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დაამყარა. რეგიონს არჩევნებამდე 20-კაციანი დროებითი საპრეზიდენტო საბჭო ხელმძღვანელობს. 
 

Exit mobile version