ცსკო: არჩევნები აჭარაში ჩატარებულია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ნონიკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ოთხი საათისთვის, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 40%–ზე მეტი გამოცხადდა.

პროცენტული მაჩვენებელი იმ 108,000 ამომრჩევლიდან გამოითვლება, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს.

ზურაბ ნონიკაშვილის განცხადებით, “უმნიშვნელო დარღვევებს შესაძლოა ჰქონდა ადგილი, თუმცა რამე სერიოზული არ მომხდარა.“

“დარღვევების შესახებ, ხვალ დამკვირვებელი ორგანიზაციები უფრო დეტალურად მოგვახსენებენ“, დასძინა მან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებას აწარმოებს, ხშირია შემთხვევები როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩნდებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ან სხვა ოფიციალური პირები.


კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პრეტენზიას გამოთქვამს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან, ორგანიზაციის მტკიცებით, საარჩევნო კომისია არ თანამშრომლობს დამკვირვებლებთან.


პრეზიდენტ სააკაშვილის დასაყრდენი პოლიტიკური პარტია “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა”, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმათა უმრავლესობას დააგროვებს. მას კონკურენციას “რესპუბლიკური პარტია” უწევს, რომელიც საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის პარტიასთან “ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატებთან“ არის ალიანსში, თუმცა აჭარის არჩევნებში მან დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტა.


რესპუბლიკელების მტკიცებით, არჩევნები აჭარაში დარღვევებით მიმდინარეობს. დეპუტატი დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკელების ლიდერი, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ არჩევნები მასიურად გააყალბა, რესპუბლიკელები ოპოზიციაში გადასვლას და საქართველოს პარლამენტში მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ გამორიცხავენ.

Exit mobile version