ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანეს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა შერბილდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგანმა ჯარმა კონფლიქტის ზონაში ხუთსაათიანი დისლოცირების შემდეგ გამოსვლა დაიწყო.


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრძანების საფუძველზე გორის რაიონში, ტყვიავის საგუშაგოზე, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, 31 მაისს დილით შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები გაიგზავნა.


ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა ტყვიავის საგუშაგოს ძალის გამოყენებით გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება.


თუმცა, მოგვიანებით სვიატოსლავ ნაბდზოროვმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ძალის გამოყენება არ იგეგმებოდა.


გიორგი ბარამიძის განცხადებით, ტყვიავის საგუშაგო კონფლიქტის ზონაში სპეციალურად შეიქმნა, რათა არ მომხდარიყო კონტრაბანდული ტვირთის შემოსვლა. რუსეთსა და საქართველოს შორის კონტრაბანდული საქონლის მიმოსვლა ე.წ სამხრეთ ოსეთის შემოსავლების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მიუხედავად რეგიონიდან შინაგანი ჯარის გამოყვანისა, ქართული საგუშაოები განაგრძობენ ფუნქციონირებას კონფლიქტის ზონაში.

მსგავსი/Related

Back to top button