“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის” პროექტი, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნას ითვალისიწნებს, ერთი თვის განმავლობაში ფართო საზოგადოების განხილვის თემა იქნება.
კანონპოროექტის დახვეწაზე, რომელიც ექსპერტების მოსაზრებით სრულყოფილებისაგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის, 18 მაისს პარლამენტის მიერ სპეციალური დადგენილებით შექმნილი 16-კაციანი საორგანიზაციო კომისია იმუშავებს.
კომისია, რომელის შემადგენლობაშიც შედიან დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რეგულარულ შეხვედრებზე პრეზიდენტის ინიცირებულ კანონპროექტთან ერთად განიხილავს ყველა შენიშვნას და მოსაზრებას, რომელიც კანონპროექტთან მიმართებაში გაჩნდება.
“კარგია, რომ ხელისუფლებამ ამჯერად არ დაარღვია ერთთვიანი განხილვის ვადა და საზოგადოებას მსჯელობისათვის დროს მისცა, როგორც კი მსჯელობა დაიწყება ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხარვეზი, რომელიც კანონპროექტშია, გამოსწორდება”, აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში კომისიის წევრმა, ექსპერტმა დავით უსუფაშვილმა.
როგორც ცნობილია, თებერვალში პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ისე მიიღო და ისე მოხდა მინისტრთა კაბინეტის შემოღება, რომ ეს საკითხები საჯაროდ არც კი ყოფილა განხილული.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, რომლის თავდაპირველი ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უკვე გამოქვეყნებული ვარიანტი, ცენტრალური ხელისუფლების როლი ავტონომიის მმართველობაში მკვეთრად იზრდება. საკონსტიტუციო კანონი არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებს და მმართველობით სისტემებს.
“შემოთავაზებული ვერსიით ცეტრალიზებული მმართველობის ელემენტი მოჭარბებულად არის წარმოდგენილი”,აცხადებს დავით უსუფაშვილი
“შემოთავაზებული ვარიანტი, უფრო გავს გარდამავალი პერიოდისათვის დაწერილ დროებით რეჟიმს, რომელიც არ ჯდება არც ავტონომიურობის, არც თვითმართველობის და არც ფედერალიზმის სტანდარტებში”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კომისიის წევრმა, დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც აქვე დასძენს, “თუ ამ კანონპროექტს აქვს პრეტენზია, რომ არის საბოლოო განაცხადი, მისი მხარდაჭერა გაჭირდება”.
პროექტით გათვალისწინებულია ორპალატიანი უმაღლესი საბჭოს შექმნა, რომელიც ოთხი წლის ვადით პირდაპირი წესით აირჩევა. ქვედა პალატა – წარმომომადგენელთა პალატა (18 წევრი) ირჩევა პრორციული, ხოლო ზედა პალატა – რესპუბლიკის პალატა (12 წევრი) მაჟორიტარული წესით.
“გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ გათვალისწინებულია ორპალატიანი პარლამენტის შემოღება, მაშინ როდესაც აბაშიძის მიერ შემოღებული ანალოგიური სისტემა ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კომისიის წევრმა, დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ, რომელიც მმართველი პარტიის შემადგენლობაში არსებული “რესპუბლიკური პარტიის” წევრია. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკელებს“ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი აქვთ მომზადებული.
მისივე თქმით, ზედა პალატას, კანონპროექტით, არავითარი ფუნქცია არ აქვს, “იმიტომ, რომ ვერ მოიგონეს რა უნდა აკეთოს მან”.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტი ძალიან ნაჩქარევად მომზადდა და ავტორებმა ვერც კი მოასწრეს მისი გადაკითხვა, რადგან იურიდიული თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს”, დასძენს ხაინდრავა.
პროექტში პრეზიდენტის უფლებებს აჭარის ავტონომიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ ორი მუხლი აქვს მიძღვნილი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო, იგი წარადგენს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას დასამტკიცებლად, აქვს უფლება ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტს, გააუქმოს აჭარის ადგილობრივი ხელისულების მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები და ა.შ. პროექტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც აჭარის ადგილობრივი სტრუქურების პარალელურად იფუნქციონირებს და მათი ზედამხედველიც იქნება.
“ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა იყოს მუდმივი დათხოვნის, თანაც გაურკვეველ ვითარებებში, შიშის ქვეშ და ცოტა მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ რეგიონს, ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. აბაშიძის სტერეოტიპმა არ უნდა გადაგვადგმევინოს სამართლებრივად გაუმართლებელი ნაბიჯები”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში ივლიანე ხაინდრავა.
კანონპროექტის მიხედვით სამინისტროების შექმნა დაშვებულია მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებში, რომელთა ხემძღვანელებიც ფაქტიურად თბილისის მინისტრების ხელდებით ინიშნებიან. თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ავტონომიას არანაირი ფუნქცია არ აქვს.
“ავტონომიის ტერიტორიაზე დასაშვებია არსებობდეს მხოლოდ საქართველოს შესაბამისი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღებული ქვედანაყოფი”, ნათქვამია კონსტიტუციური კანონის პროექტში.
გარდა ამისა, კანონპროექტი აწესრიგებს ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო, სადაგადასახადო და ქონებრივ საკითხებს.
ივლიანე ხაინდრავა, არ იზიარებს კონსტიტუციური კანონის პათოსს, სადაც უამრავი ამკრძალავი ნორმაა ჩადებული. იგი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების მისამართით, რომელიც “რესპუბლიკელების” მოლოდინის მიუხედავად, არ დაინტერესდა მათ მიერ მომზადებული ვარიანტით, სადაც “გაცილებით უკეთ არის ჩამოყალიბებული” უფლებამოსილებათა გამიჯვნა თბილისსა და ბათუმს შორისს.
“რესპუბლიკურმა პარტიამ მოამზადა პროექტი, რომლის მიმართულებებს უფრო ვიზიარებ. იქ უფრო მკაფიოდაა გამოკვეთილი ავტონომიის შინაარსი და კონკრეტული ფუნქციები, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. აგრეთვე, უკეთესადაა ორგანიზებული ადგილზე დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება”,აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში დავით უსუფაშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აპირებენ მათი კანონპროექტის, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს ეყრდნობა, საორგანიზაციო კომისიისთვის წარდგენას.
“მე მაქვს იმედი, რომ შექმნილ კომისიაში თანამშრობლობის შემთხვევაში, ჩვენ პარლამენტს წარვუდგენთ გაცილებით სრულყოფილ და მისაღებ კანონპოექტს”, განაცხადა ხაინდრავამ.
ევროპის საბჭო, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდაციაც თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა იყო, მიესალმება ამ საკითხებზე მუშაობის დაწყებას. ევროპის საბჭოს შემადგენელი სტრუქტურა, ვენეციის კომისია, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებზე მუშაობს, „მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს აჭარის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა ჯანი ბუკიკიომ “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში განაცხადა.
“ჩვენ, როგორც ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილი, ვალდებული ვართ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის კომპეტენტური რეკომენდაციები გავითვალისწინოთ”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა.
ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები” თავმჯდომარის, დავით გამყრელიძის შეფასებით, აჭარის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი “ავტონომიის იმიტაციაა”. იგი და მისი თანაგუნდელები კვლავაც დღის წესრიგში აყენებენ აჭარის ავტონომიის არსებობა-არ არსებობის საკითხს და პლებისციტის ჩატარების იდეით გამოდიან.
“პლებისციტის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუკი ჩვენ ამ საკითხს დავსვამთ აჭარაში, მაშინ რა არგუმენტით ვეტყვით უარს ცხინვალის რეგიონს, სამხრეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებს მსგავს თემებზე პლებისციტის ჩატარებაზე”, აცხადებს დავით უსუფაშვილი.
“აჭარის ავტონომიის ყოფნა-არყოფნისა და მისი სტატუსის საკითხებისადმი ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რადგან წინ კიდევ სხვა ავტონომიებთან პრობლემების მოგვარებაა”, განუცხადა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა ჯანი ბუკიკიომ “სივილ ჯორჯიას”.