ახალი ამბები

პარლამენტმა გიორგი კენჭაძეს იმუნიტეტი მოუხსნა

დღეს, საქართველოს პარლამენტმა 134 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული დეპუტატის, გიორგი კენჭაძისათვის იმუნიტეტის მოხსნას.

ამის შესახებ პარლამენტს შუამდგომლობით გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა თავად მიმართა.

გიორგი კენჭაძე, რომელიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” სიით მოხვდა, მას შემდეგ დააკავა პროკურატურამ, რაც მან 100,000 დოლარი მოსთხოვა აჭარელ ბიზნესმენს.

კენჭაძეს ბრალი პროკურატურამ თანხის გამოძალვის მუხლით წაუყენა, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებს.

“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი [დეპუტატი კენჭაძე] “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, თუმცა ჩვენ დავაპატიმრებთ და დავსჯით ყველა იმ პირს, რომელიც დანაშაულში იქნება მხილებული, მიუხედავად მათი თანამდებობისა”, განაცხადა სააკაშვილმა  19 მაისს, ბრიფინგზე.

მსგავსი/Related

Back to top button