საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 20 მაისს, სოხუმში აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს. შეხვედრა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, გაეროს ეგიდით ტარდება.
საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განუახლებლობის გარანტიები იქნება განხილული.
გოგა ხაინდრავა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდება, შეეცდება დაარწმუნოს აფხაზური მხარე, რომ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია არ იგეგმება. მაისის დასაწყისში, აჭარაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის აღდგენის შემდეგ, სოხუმმა შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ თბილისს სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს აფხაზეთში.
ამავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 19 მაისს, რომ იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოს გაერთიანების თაობაზე სპეციალურ განცხადებას 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გააკეთებს.
„საქართველოს გაერთიანებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ, ეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით განაგრძობს მუშაობას, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“, განაცხადა სააკაშვილმა 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა „პირველი შემთხვევა იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როდესაც მოხდა სეპარატიზმის მშვიდობიანი გზით აღმოფხვრა“. “ ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას“, დასძინა პრეზიდენტმა.
სავარაუდოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი 26 მაისს იმ კონცეფციის დეტალებზე ისაუბრებს, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა და აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას ისახავს მიზნად. კონცეფციაზე მუშაობა ჯერ კიდევ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო.
იურისტმა და იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კოტე კუბლაშვილმა, რომელიც კონცეფციის ერთ-ერთი თანაავტორია, „სივილ ჯორჯია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონცეფციის ძირითად პუნქტებზე ისაუბრა. ესენია:
აფხაზურმა მხარემ უკვე მიანიშნა თბილისს, რომ სოხუმი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთი არანაირ კომპრომისზე არ წავა საქართველოსთან აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით“.
„აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და განხილვის საგანს არ წარმოადგენს“, განუცხადა ხაჯიმბამ „ინტერფაქსს“ 18 მაისს.
თავის ბოლო მოხსენებაში, რომელიც აპრილში მომზადდა და აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ეხება, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს უარი თქვას უკომპრომისო პოზიციაზე და მოლაპარაკებები დაიწყოს ქართულ მხარესთან სტატუსთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ორ მხარეს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის განხილვაზე.
დოკუმენტი, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ იქნა შემუშავებული, ითვალისწინებს აფხაზეთის ფართო ავტონომიას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში. თუმცა, აფხაზური მხარე უკვე რამოდენიმე წელია, რაც უარს აცხადებს მოლაპარაკებები გამართოს ამ დოკუმენტის თაობაზე.
საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს დამთბარი ურთიერთობები კარგის მაუწყებელია საქართველოსთვის. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი 17 მაისს მოკლე ვიზიტით ეწვია საქართველოს. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთი, ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
თუმცა, სკეპტიკოსთა განცხადებით, რაიმე წინსვლა კონფლიქტის მოგვარების საქმეში, თუნდაც მცირედი, შეუძლებელი იქნება ოქტომბრამდე, სანამ აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. ახლანდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას საპრეზიდენტო ვადა წელს იწურება.