გენშტაბის უფროსი გამორიცხავს ძალის გამოყენებას აფხაზეთში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა გივი იუკურიძემ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველო ძალის გამოყენებას გეგმავს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე კონტროლის დასამყარებლად.  


მისი განცხადებით, აფხაზური მხარის შეშფოთება ქართული ჯარების აფხაზეთში შესაძლო შეჭრის თაობაზე უსაფუძვლოა.


გაეროს მისიის მთავარი სამხედრო დამკვირვებლის კაზი აშფაკ აჰმედის სახელზე გაგზავნილ წერილში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა  ვიაჩესლავ ეშბამ განაცხადა, რომ „საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი გალში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს“.


„დაგეგმილია გალში ქართული შეიარაღებული ძალებისა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შეჭრა, რასაც შედეგად გალის დაკარგვა მოყვება“, დასძინა ეშბამ. 


გალის რაიონი, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს, ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. 


აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, ქართული ჯარების მობილიზაცია კოდორის ხეობაშიც მიმდინარეობს.

Exit mobile version