მოსკოვში ვიზიტის დროს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა უარყო რაიმე კონფლიქტის არსებობა ქართულ მხარესთან მისი მხრიდან.
„ერთადერთი რამ, რაშიც ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, არის ადამიანთა უფლებების დაცვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აჭარაშიც. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კარგად იცოდნენ ჩვენი საქმიანობის შესახებ. მე რამდენჯერმე დავუკავშირდი აჭარის ხელისუფლებას თბილისის თხოვნით“, განაცხადა ვალტერ შვიმერმა რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ 14 მაისს მიცემულ ინტერვიუში.
იგი მიესალმა აჭარის კრიზისის უსისხლო მოგვარებას და რუსეთის კონსტრუქციულ როლს ამ კრიზისის მოგვარებაში.
საქართველოში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის გაწვევის თაობაზე ინფორმაციის კომენტირებისას ვალტერ შვიმერმა განაცხადა, „ნიკოლოვი საქართველოში რჩება და თავისი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს“.