დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული დაძაბულობის გამო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობების დაძაბვის გამო.


ოპოზიციური „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენლის, დეპუტატ რობერტსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის პარლამენტარებმა 11 მაისს მოისმინეს ინფორმაცია საქართველოდან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გაწვევის თაობაზე.


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბილ რამელმა მოსმენაზე განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია მოვლენების ამგვარი განვითარებით“.


9 მაისს პრეზიდეტმა სააკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც ამ უკანასკნელმა თბილისსა და ბათუმს ერთნაირი პასუხისმგებლობა დააკისრა აჭარის კრიზისის გამო. ასლან აბაშიძის საქართველოდან წასვლის შემდეგ, ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ მას სურს შვიმერის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ქვეყნიდან გაიწვიოს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, 12-13 მაისს ამ საკითხს ვალტერ შვიმერთან შეხვედრისას განიხილავს.


 

Exit mobile version