ასანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თენგიზ ასანიძე, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო, 9 აპრილს აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან გაათავისუფლეს.


აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ, რომელიც ასანიძის გამოშვების წინააღმდეგ იყო, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნის  შემდეგ, ასანიძის გათავისუფლების ბრძანება გასცა.


სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 8 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას დაევალა დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა თენგიზ ასანიძე პატიმრობიდან.


თენგიზ ასანიძე 1993 წლის 4 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბათუმის თამბაქოს ქარხანაში განხორციელებული ფინანსური  მაქინაციების ბრალდებით გაასამართლეს. 1994 წელს ასანიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს.  მიუხედავად იმისა, რომ ასანიძე პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, და მისი სასჯელი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, იგი აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც არ გაათავისუფლა.

Exit mobile version