პრეზიდენტი სააკაშვილი 6 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტს რომანო პროდის და კომისიის წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობების საკითხებში კრის პატენს შეხვდა ბრიუსელში.
რომანო პროდიმ და კრის პატენმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის გადაწყვეტილება დაუახლოვონ საქართველო ევროპის სტრუქტურებს და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების საქმეში.
კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს წინსვლას დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თავისუფალი და გამჭირვალე საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის საკითხებში.
„საქართველოში მშვიდობიანი და დემოკრატიული პოლიტიკური რევოლუციის შემდეგ, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში. ეს საუკეთესო გზაა საქართელოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტერიტორიული საკითხები მშვიდობიანი დიალოგის მეშვეობით მოაგვაროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა პროდიმ სააკაშვილთან შეხვედრამდე 6 აპრილს.
„საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, რათა ქართველ ხალხს ნათელი და დემოკრატიული მომავლისკენ წარუძღვეს, სადაც კანონიერება და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას შეცვლის. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ამ საკითხში“, – დასძინა კრის პატენმა.