საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელმაც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგი განახორციელა, სასამართლოს მიმართა თხოვნით გააუქმოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილება აჭარის ორ საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
2 აპრილს ცსკ-მ არჩევნების შედეგები ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში გააუქმა. ეს ის ოლქებია, სადაც „აღორძინების კავშირმა“ ხმების უმეტესობა მიიღო.
ცსკ-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 28 მარტს დაფიქსირებული მთელი რიგი დარღვევების გამო იქნა მიღებული. განმეორებითი არჩევნები 18 აპრილს ჩატარდება.
თუმცა, საიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცსკ-ს არ აქვს უფლება გააუქმოს საარჩევნო ოლქის შედეგები. მხოლოდ სასამართლოს აქვს ამის უფლება.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტს საიას სარჩელს, აჭარის ორ ოლქში დაგეგმილი განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარდება.