საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარების მეთაური, გენერალ-მაიორი ალექსანდრე სტუდენიკინი თბილისში 6 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა.
ალექსანდრე სტუდენიკინი საავადმყოფოში მოათავსეს; თუმცა არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენიკინი სამხედრო შტაბიდან შინ, თბილისში, ბრუნდებოდა.
„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. აფეთქდა ტროტილი დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით“, – განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.
„ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აფეთქება პროვოკაციის მიზნით მოხდა. როგორც ცნობილია, საქართველოს უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე გენერალური პროკურორი ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან“, – განაცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ.
ვანო მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აფეთქება პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. „ბოლო დროს ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის საგრძნობლად გაუმჯობესდა. როგორც სჩანს, ჩვენს მტრებს ეს არ მოსწონთ“, – დასძინა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ უკვე მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიძიეს ინციდენტი და იპოვოს მისი ორგანიზატორები. “
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, „ტერიტორისტული აქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებისკენ იყო მიმართული“.