ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი აჭარის რეგიონში რკინიგზის მიმოსვლის აღდგენას მოითხოვს და აცხადებს, რომ საკითხის მოგვარება აჭარის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ის რომ აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესდა ეკონომიკური სანქციები, არ ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას.
“აჭარაში ეკონომიკური სანქციების დაწესება არ ნიშნავს ბლოკადას, ეს არის კონტროლი. ზარალს ვინც აყენებს ეკონომიკას, ეს არის აჭარის ხელისუფლება. ჩვენ კი ვცდილობთ არ აირიოს სიტუაცია აჭარის ტერიტორიაზე, არ მოხდეს იქ იარაღის შეტანა და აჭარის ეკონომიკა მოექცეს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონიმიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკურ სანქციებს არ მოჰყვება იმ რაოდენობის ზარალი, რასაც ბოლო წლების მანძილზე თავად აჭარა აყენებდა ცენტრალურ ბიუჯეტს, როდესაც არ ირიცხებოდა თანხები.