ახალი ამბები

ბათუმის საზღვაო ბლოკადა ძალაში შევიდა

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 16 მარტს ათამდე გემს ბათუმის პორტში შესვლის უფლება არ მისცა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავტონომიურ რესპუბლიკას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბლოკადა გამოუცხადა.


„ჩვენ ვაცნობეთ გემებს, რომ ბათუმის პორტში შესვლა არ შეიძლებოდა; ამიტომ ყველა ეს გემი ფოთის პორტისკენ გაიგზავნა“, – განაცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ბადრი ბიწაძემ.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აჭარის ლიდერი შეშფოთებულია საზღვაო გზების გადაკეტვით.


„მან [ასლან აბაშიძემ] დღეს დილით ორჯერ დამირეკა. როგორც ჩანს, ძალიან აღელვებულია ცენტრალური ხელისუფლების მოქმედების გამო.  მას ეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ განცხადებებით შემოვიფარგლებოდით და ჩვენი გადაწყვეტილებები ძალაში არ შევიდოდა“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს ფოთში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ „ნაწილობრივი“ ეკონომიკური სანქციები დაუწესა აჭარას, რათა აჭარის რეჟიმის რესურსები ორი კვირის ვადაში ამოწუროს.


 

Back to top button