აჭარის სამართალდამცავებმა დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დააკავეს, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში აჭარის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
თუმცა, იგი მალევე გაათავისუფლეს და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დაგმო აჭარაში ფინანსთა მინისტრის დაკავების ფაქტი.
„ცენტრალური ხელისუფლება არასოდეს დაუშვებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრს შეექმნას საქართველოს რეგიონებში გადაადგილების და მოსახლეობასთან შეხვედრის პრობლემები“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 13 მარტს.
აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ნოღაიდელი აჭარაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად ჩავიდა.
„ზურაბ ნოღაიდელი პირდაპირ საბარგულიდან არიგებდა ფულს და ცდილობდა მოსახლეობის მოსყიდვას. მისი აჭარაში ჩამოსვლა მიზნად ისახავდა აჭარაში დესტაბილიზაციის გამოწვევას. ჩვენ ვთხოვეთ მას დაეტოვებინა აჭარის ტერიტორია, რათა თავიდან აგვეცილებინა დაძაბულობის ესკალაცია“, – განაცხადა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ.
მისი თქმით, თბილისში მზადდება სპეციალური თავდასხმა აჭარაზე. გოგიტიძემ ასევე განაცხადა, რომ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე სპეციალურად გაემგზავრა მოსკოვში, რათა საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს ის საფრთხე, რაც აჭარას ემუქრება.
მოსკოვში გამგზავრებამდე ასლან აბაშიძემ 12 მარტს განაცხადა, „მე ვაცნობებ საერთაშორისო საზოგადოებას იმ ქაოსის თაობაზე, რაც საქართველოში არსებობს“.
ოპოზიციური მოძრაობების „ჩვენი აჭარას“ და „დემოკრატიული აჭარას“ წარმომადგენლებმა, რომელთაც აჭარის ხელისფლება დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიას დაწყებას გეგმავენ აჭარაში, რაც საპროტესტო აქციების ჩატარებას არ გულისხმობს.