საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ მოსკოვში გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებას რეგიონში ცენტრის მხრიდან ვითარების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების თაობაზე.
“დავიღალე იმის მოსმენით, რომ აჭარას დაკარგავს საქართველო. ჩემი მიზანია, და ამას გავაკეთებ, საქართველოს გამთლიანება და არა დაშლა. საქართველო არის სახელმწიფო და ვიმოქმედებთ კონსტიტუციის მიხედვით. ჩვენ არანაირი ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებას არ ვაპირებთ. ვერანაირ ფეოდალებს მე სახელმწიფოს ვერ დავაშლევინებ. ფეოდალების დრო საქართველოში დასრულდა და თუ ასლან აბაშიძეს რუსეთის ან სხვა ქვეყნის იმედი აქვს, მინდა ვუთხრა, რომ ვერანაირი რუსეთი და სხვა ქვეყანა მას ვერ უშველის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იგი აჭარის მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. “ჩვენ აჭარაში წესრიგს არჩევნების საშუალებით დავამყარებთ და უზრუნველვყოფ იმას, რომ ვერანაირი ფეოდალი ამომრჩევლის ხმას ვერ მოიპარავს”, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასლან აბაშიძეს შეახსენა, რომ მას რჩება სამი დღე იმისათვის, რომ აბაშიძემ შეძლოს აჭარაში მოქმედი ყველა იმ მაღალჩინოსნის დაკავება, რომლებიც მხილებულნი არაინ რეგიონში ოპოზიციური პარტიების მიტინგების დარბევასა და ძალადობაში. “პირადად ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ იგი ითანამშრომლებს ჩვენთან. მან უნდა შეძლოს მაღალჩინოსნების დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა პრეზიდეტმა.
ასლან აბაშიძე მორიგი ერთდღიანი ვიზიტით მოსკოვში 12 მარტს გაემგზავრა, თუმცა მისი ვიზიტის მიზანი უცნობილია. ცენტრის მიერ რეგიონში ძალის გამოყენების შესახებ განცხადება ასლან აბაშიძემ მოსკოვში გამგზავრებამდე გააკეთა.