საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთში თავისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს შეხვდა.
„მე მართლაც მიმაჩნია, რომ სამხრეთ კავკასია ერთიანი რეგიონია. ჩვენ ახლო ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, მაგრამ ვფიქრობ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებიც ასევე უნდა განვითარდეს. ჩვენ ასევე ვაფართოებთ ურთიერთობებს ჩვენს სხვა მეზობლებთან და საბოლოოდ, არსებული პრობლემების მოგვარების შედეგად, მოხდება რეგიონის გაერთიანება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს შეუძლია დაეხმაროს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გართულდა რუსეთის ჯარების საქართველოში არსებობისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისადმი რუსეთის მიერ მხარდაჭერის აღმოჩენის შედეგად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთისა და საქართველოს მისწრაფებას ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე და აღნიშნეს, რომ საჭიროა უფრო ახლო თანამშრომლობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ევროსაბჭოსთან, ეუთოსა და დსთ-სთან.
სომხეთის საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, მხარეებმა პირობა დადეს, რომ შეასრულებენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, საზღვრების დაურღვევლობის, და ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპს.
არსებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა დააყენა საკითხი სომხეთსა და რუსეთს შორის, საქართველოს გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის გამო შეწყდა.
ქართული მხარე თანახმაა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, თუმცა რუსული და აფხაზური მხარეებისგან ერთდროულად აფხაზეთიდან დევნილი ქართველების უკან დაბრუნებას მოითხოვს.