მოსკოვი თბილისს აჭარის ლიდერის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში“ დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან რუსეთისგან გარანტიები მიიღო იმის თაობაზე, რომ მოსკოვი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში  შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობის ზრდის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი სპეციალურად ამზადებს სამართალდამცავ სტრუქტურებს და აფინანსებს საპროტესტო აქციებს ბათუმში, „აჭარის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით“.
 
„დაძაბულობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის ბოლო დროს კიდევ უფრო დაიძაბა და საკმაოდ საშიში გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„რა თქმა უნდა, მოვლენების ამგვარი განვითარება ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა აჭარასთან დაკავშირებული საკამათო საკითხების მხოლოდ მშვიდოაბიანი გზით მოგვარება, პოლიტიკური დიალოგის გზით კონსტიტუციის ფარგლებში. ულტიმატუმები და მუქარები მხოლოდ ქაოსსა და საზოგადოებრივ კონფლიქტებს გამოიწვევს“, – ნათქვამია 12 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ცენტრალ ხელისუფლებას თავიდან აიცილონ უპასუხისმგებლო ქმედებები, რამაც შესაძლოა საქართველოს, ისევე როგორც მთლიანი რეგიონის, სტაბილურობას, სერიოზული საფრთხე შეუქმნას. 
 
12 მარტს ბათუმში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული, ოთხმოცამდე რუსი ჯარისკაცი ჩავიდა. მოსკოვი ამ ფაქტს სამხედრო ნაწილში მიმდინარე როტაციით ხსნიან. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12 მარტს, ერევანში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ იმოქმედებს.“
 
“მე მოსკოვში ვიზიტის დროს გარანტიები მივიღე იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში“, – განუცხადა სააკაშვილმა.
 
ეს უკვე მეორედ ხდება წელს, როდესაც მოსკოვი ოფიციალურად უჭერს მხარს აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს. 20 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აჭარაში მოქმედ ოპოზიციურ მოძრაობებს „ექსტრემისტული ორიენტაციის ძალები“ უწოდა.

ბათუმსა და თბილისს შორის ურთიერთობები განსაკუთრები მარტის დასაწყისში დაიწყო, როდესაც სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლს დაამყარებდა. მანამდე აჭარის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ თბილისს „ტოტალური კონტროლის დამყარება“ სურდა აჭარაზე.
 
“დიახ, ჩვენ ვაპირებთ კონტროლი დავამყაროთ აჭარაში. გავიდა ის დრო, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას არ შეეძლო გაეკონტროლებინა ავტონომიური რესპუბლიკა“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს  5 მარტს.
 
მოგვიანებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უშიშროების სამინისტროს გაუქმება უბრძანა. „არ არსებობს ერთ ქვეყანაში ორი უშიშროების სამინისტროს არსებობის აუცილებლობა“, – განაცხადა მან. თუმცა, ასლან აბაშიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას უშიშროების სამინისტრო ჭირდება.


ბათუმში კვლავ გრძელდება თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზე. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბათუმში ოპოზიციური მოძრაობა „დემოკრატიული აჭარას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი  თენგიზ აფხაზავა გაიტაცეს. ოთხი დღის შემდეგ, 10 მარტს იგი სასტიკად ნაცემი იპოვეს თავის სახლთან.
 
კიდევ ერთი ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრი ბათუმში 11 მარტს დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაში ედება ბრალი. თუმცა, მისი ნათესავების უარყოფენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.  
 
დაძაბულობა აჭარაში სავარაუდოდ მომდევნო კვირას კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას გეგმავს.
 
„ჩვენი აჭარა“ 16 მარტს ბათუმში საპროტესტო აქციის გამართვასაც აპირებს. აჭარაში გამართული წინა საპროტესტო აქციები ოპოზიციასა და აბაშიძის მომხრეებს შორის შეტაკებებით დასრულდა.

Exit mobile version