საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის სამხედრო ბაზაზე დღეს რუსი სამხედროების ჩამოყვანას რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების მხარესთან შეუთანხმებლად არ იმოქმედებს.
“რუსეთის მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ ქმედებას არ განახორციელებს. მე ამის გარანტია მივიღე რუსეთში ვიზიტის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ საქართველოსთვის ყველას წინ დავუდგე ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილი ასევე გლდანის ეპარქიის მოძღვრის, მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მიერ 11 მარტს გაკეთებულ განცხადებას რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლის განახლების შესახებ, აჭარაში გარკვეულ პიროვნებებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ზოგიერთ პირს სურს საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს ბათუმიდან თბილისისაკენ. “მათ ეს არ გამოუვათ, ხელისუფლება ვალდებულია და ამას გავაკეთებთ, წესრიგს და ადამიანის უფლებებს დაიცავთ. ჩვენ ამას შევძლებთ ბათუმში და თბილისშიც”, – დასძინა პრეზიდენტმა.
ბათუმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე დღეს სომხეთიდან რუსი ჯარისკაცები ჩამოიყვანეს. რუსი სამხედროები ამას სამხედრო ნაწილში როტაციით ხსნიან.