საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ეპარქიის წინამძღოლს, მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილ მღვდელს ბასილ მკალავიშვილს და მის მომხრეებს ექსტრემისტებს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა სახის ექსტრემისტულ მოძრაობას აღკვეთს. იგი სამართლიანად მიიჩნევს ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრებას.
“თვითმარქვია ექსტრემისტები მართლმადიდებლობის სახელით ცდილობენ მართმადიდებლობის შიგნიდან დარღვევას და ეკლესიის გახლეჩას. ჩემი პირველი ამოცანაა, როგორც მართლმადიდებლის და ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომ დავიცვა ჩვენი რელიგია და არ დავუშვა ექსტრემისტების მხრიდან მსგავსი ქმედება. არც ერთ ქრისტიანულ მცნებაში არ წერია, რომ პიროვნებას ჯვარი უნდა ურტყა თავში და ძალა გამოიყენო”, – განაცხადა დღეს ერევანში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა.
იგი ბასილ მკალავიშვილის და მისი მომხრეების ქმედებას ანტიქრისტიანულ ქმედებად აფასებს და ხალხს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მას წესრიგის დასაცავად.
ბასილ მკალავიშვილი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ივნისიდან იძებნებოდა და რომელსაც სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, სპეცოპერაციის შედეგად დღეს გლდანის ეკლესიაში დააკავეს.