აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს გაუქმების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აჭარის ხელმძღვანელობა უნდა დაემორჩილოს ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებებს.
თუმცა, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძე 8 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს უფლება გააუქმოს აჭარის სამინისტროები, ეს ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებს არღვევს.
„ცენტრალური ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის დაპირებებს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების თაობაზე. ამიტომაც, ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები] ცდილობენ კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია და ყურადღება ამგვარ საკითხებზე გადაიტანონ“, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე მოსთხოვა რეგიონალურ ხელისუფლებას გამოიძიოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე ცოტა ხნის წინ განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე 5 მარტს სასტიკად სცემეს ბათუმში.
კომახიძე თავდასხმაში ადგილობრივ პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
„დანაშაული გამოძიების პროცესშია და საზოგადოება სულ მალე გაიგებს სიმართლეს. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის, რომ კომახიძე უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობდა და აჭარაში სიტუაციას ზვერავდა“, – განაცხადა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგოტიძემ.
თუმცა, კომახიძის განცხადებით, თავდასხმა აბაშიძისა და მისი ოჯახის უკანონო გარიგებების თაობაზე მის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება.
„მე აღმოვაჩინე, რომ აბაშიძის 40-მდე ნათესავს აჭარაში მაღალი თანამდებობა უკავია და საკმაოდ დიდი ქონების პატრონებიც არიან“, – განუცხადა ვახტანგ კომახიძემ „რუსთავი 2“-ს.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც კომახიძე 8 მარტს საავადმყოფოში მოინახულა, განაცხადა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა „არაადამიანური და დაუშვებელია“. მან ასევე მოსთხოვა აჭარის ხელისუფლებას, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გამოიძიოს თავდასხმის ფაქტი.