რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ივანოვმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ უცხოელი დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შესვლას.
„ტერორისტები მუდმივად შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა არც [საქართველოს] არმია, და არც პოლიცია არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღკვეთოს ამგვარი ქმედებები“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ ათობით უცხოელი ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ძირითადად თურქეთიდან“, – განაცხადა ივანოვმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამართალდამცავების მიერ დაკავებულ ტერორისტებს პასპორტებში ქართული ვიზები ჰქონდათ ჩარტყმული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ჩეჩნებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. თუმცა, საქართველოს მთავრობა უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად ტერორისტები არ იმყოფებიან.
მოსკოვში 11 თებერვალს განხორციელებული ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი დაპირდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ითანამშრომლებდა მათთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
საქართველოს და რუსეთის მესაზღვრეები გეგმავენ ხელი მოაწერონ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საზღვრების ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მებრძოლების შემოჭრა რუსეთ-საქართველოს საზღვრის, კერძოდ, ჩეჩნეთის მონაკვეთზე.