სააკაშვილი უბრძანებს აჭარის ხელმძღვანელობას ჟურნალისტზე თავდასხმა გამოიძიოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 მარტს აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს უბრძანა დააპატიმროს ის ხალხი, რომლებიც თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის  ჟურნალისტი.


„მე ოფიციალურად ვავალებ ასლან აბაშიძეს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 10 დღის ვადაში გამოიძიოს თავდასხმის ფაქტი და ყველა პასუხისმგებელი  პირი სასამართლოს წინაშე წარადგინოს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს უცნობ პირთა ჯგუფი მაშინ დაესხა თავს, როდესაც მან საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან პოლიციის მოთხოვნის შედეგად მანქანა გააჩერა.


„დარწმუნებული ვარ, რომ თავდასხვა ჩემს აჭარაში საქმიანობასთანაა დაკავშირებული, სადაც აბაშიძის ოჯახისა და მისი ნათესავების შესახებ ჟურნალისტული გამოძიებისთვის მასალებს ვაგროვებდი. ჩემი აღმოჩენის თანახმად, აბაშიძის 40-მდე ნათესავს აჭარაში მაღალი თანამდებობები უკავია  და დიდძალ ქონებას ფლობენ“, – განაცხადა კომახიძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა აჭარის ხელისუფლება, რომ თუ მისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, გენერალური პროკურატურა ყველა დამნაშავე ოფიციალური წარმომადგენლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა.


5 მარტს სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ გამოიჩენდა ტოლერანტულობას „საქართველოში უკანონობის წინააღმდეგ, როგორც ეს უწინ ხდებოდა“.


ასლან აბაშიძემ 4 მარტს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაზე „ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობის“ გამო გააკრიტიკა.


ამის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „გავიდა ის დრო, როცა ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ავტონომიურ რესპუბლიკას“.


„რა თქმა, მე მინდა სრული კონტროლი დავამყარო აჭარაზე და მე დავამყარებ კონტროლს აჭარაზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.

Exit mobile version