სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ 28 მარტს საპარლამენტო არჩევნები აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ჩაშალოს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ჩვენი აჭარის“ ლიდერებმა კობა ხაბაზმა და ედვარდ სურმანიძემ დღეს ბათუმის ქუჩებში რუსული სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექნიკის გამოყვანაზე განცხადება გააკეთეს.
„რუსული სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექნიკის გამოყვანით, ასლან აბაშიძე აჭარის მოსახლეობის დაშინებას აპირებს. მას არ სურს საპარლამენტო არჩევნებში სამარცხვინო მარცხი განიცადოს. დარწმუნებული ვართ, რომ „დემოკრატიული აღორძინება“ 7% ბარიერს ვერ გადალახავს“ – განაცხადა კობა ხაბაზმა.
„ჩვენი აჭარის“ ლიდერების განცხადებით, აჭარის ხელისუფლების მხრიდან ასეთი თვითნებობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა შეფასდეს.