უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამეგრელოს უშიშროების რეგიონალური სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ უშიშროების რეგიონალური სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნას წინააღმდეგობა გაუწიეს.
„უშიშროების მინისტრმა [ზურაბ ადეიშვილმა] დღეს თემურ გაბუნია სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოს უფროსად დანიშნა. თუმცა, ყოფილმა უფროსმა და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა, რომლებიც ამ დანიშვნის წინააღმდეგნი იყვნენ, ხელი შეუშალეს გაბუნიას მუშაობას შედგომოდა და დაემუქრნენ კიდეც“, – განაცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ბრიფინგზე.
„შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა რამოდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის სამეგრელოს რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსიც“, – დასძინა უგულავამ.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელოს უშიშროების რეგიონალური სამმართველოს ათობით თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა მოვალეობების შესრულებაზე. ისინი ახალი უფროსის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ თემურ გაბუნია „არაპროფესიონალია“.
„ჩვენ განვაგრძობთ ახალ დანიშვნებს და გავათავისუფლებთ ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც კრიმინალურ კლანებთან კავშირში არიან შემჩნეულნი. უკან დახევას არ ვაპირებთ და გავწმინდავთ სამინისტროს კრიმინალური ელემენტებისგან“, – განუცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს.