ეუთოს მისია საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისმა არჩევნებზე დამკვირვებელთა გრძელვადიანი მისია ჩამოაყალიბა, რომელიც საქართველოში 28 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს. მისიას ელჩი მაიქლ ვიგანტი უხელმძღვანელებს.


„მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა“, – განაცხადა  ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა.


„თუმცა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები კვლავ რჩება. მომავალ არჩევნებზე საქართველომ უნდა დაადასტუროს თავისი მზადყოფნა დემოკრატიული საარჩევნო პროცესისადმი,“ განაცხადა ვიგანტმა.


ეუთოს საქართველოს მისიის 13 ექსპერტი და 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი ეუთოს 18 წევრი ქვეყნიდან განახორციელებს მონიტორინგს მთელ საარჩევნო პროცესზე, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის მუშაობაზე, ასევე არჩევნების დღის პროცედურებისა და საარჩევნო კამათების მოგვარებაზე.


ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 450 მოკლევადიანი დამკვირვებელი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი თავის სპეციალურ კოორდინატორად დანიშნა, რომელიც ეუთოს დამკვირვებელთა მოკლევადიან მისიას უხელმძღვანელებს. 


მოკლევადიანი დამკვირვებლები არჩევნების წინა დღეს ჩამოვლენ და ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს გააკონტროლებენ.


29 მარტს, არჩევნების მეორე დღეს არჩევნების დამკვირვებელთა მისია გამოაქვეყნებს განცხადებას წინასწარი დასკვნების თაობაზე. ამომწურავი მოხსენება საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის თავზე გამოქვეყნდება.

Exit mobile version