საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა 17 თებერვალს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეუთო საქართველოს 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად 1 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ეს თანხა დაფარავს ძირითად საარჩევნო ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც დაეხმარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რესურსებით, რათა წარმატებულად ჩაატაროს არჩევნები.
1-2 დეკემბერს მაასტრიხტში გამართულ ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ეუთოს 55-მა წევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ დაეხმარებოდნენ საქართველოს 2004 წელს დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში.
საქართველოში ეუთოს მისიის განცხადებით, ეუთოს საქართველოსადმი დახმარების პროგრამის მეშვეობით, რომელიც სპეციალური ფუნდების განკარგვის მიზნით შეიქმნა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2 მილიონი ევრო გამოიყო. კიდევ 2 მილიონი ევრო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყოფა.
ეუთოს დახმარების პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ადგილობრივ დამკვირვებელთა მისია და ამომრჩეველთა განათლების პროგრამები.