ბათუმში ოპოზიცია დაარბიეს

მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისი 20 თებერვალს ბათუმში დაარბიეს. მოძრაობა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მოწინააღმდეგეებს აერთიანებს.  


დარბევას წინ უძღოდა ასლან აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკება.


„ჩვენი აჭარას“ თბილისის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 20 თებერვალს აჭარაში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ასლან აბაშიძეს აკისრებს.


„ამ პირობებში შეუძლებელია აჭარაში წინა-საარჩევნო კამპანიის განხორციელება“, – განაცხადა „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ედვარდ სურმანიძემ  20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იციან ყველა ის პიროვნება, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ შეტაკებას და დარბევას.


„თითოეული პიროვნება, რომელიც ამ ძალადობის უკან დგას, მკაცრად დაისჯება” , – დასძინა მან.  


ასლან აბაშიძის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის ინციდენტი ასლან აბაშიძისა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერს შორის გამართულ მოლაპარაკებებს დაემთხვა. მოგვიანებით იგი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.


„მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არა აქვს. ვურჩევ ოპოზიციას და ხელისუფლებას მოლაპარაკებები გამართონ“, – განუცხადა შვიმერმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

Exit mobile version