პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ მეთაურმა დავით შენგელიამ დღეს სამართალდამცავ ორგანოებს ცეცხლსასროლი და სხვა ტიპის იარაღი გადასცა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მე ვესაუბრე გიორგი ბარამიძეს [შინაგან საქმეთა მინისტრს] და დავპირდი მას, რომ მთელ იარაღს ჩავაბარებდი. ეს იარაღი ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გამოტანილი”, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას დავით შენგელიამ.
4 თებერვალს ზუდგიდში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა 30-მდე პიროვნება, მათ შორის პარტიზანებიც, დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს პირები პარტიზანული ოპერაციების ჩატარების საბაბით ადამიანთა გატაცებებში, კონტრაბანდულ საქმიანობასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ.