„ტრადიციონალისტების“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „მრეწველების“ ოპოზიციური პარტიები 28 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის შექმნის მიზნით კონსულტაციებს ატარებენ.
„ტრადიციონალისტების კავშირის“ წევრის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, „ტრადიციონალისტები“ „ახალ მემარჯვენეებთან“ ატარებენ კონსულტაციებს ბლოკის ჩამოყალიბების თაობაზე. „ტრადიციონალისტებმა“ უკვე შექმნეს საარჩევნო ბლოკი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან.
მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები „ახალ მემარჯვენეებთან“ ბლოკის შექმნის თაობაზე.
„ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა. ერთი რამ სავსებით ნათელია – ბლოკის შექმნა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ჩვენთვის გარდაუვალია“, – განუცხადა ტყემალაძემ „სივილ ჯორჯიას“ 9 თებერვალს.
პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკად რეგისტრაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.