საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.
ოპონენტების განცხადებით, ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის და სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას სასარგებლოდ პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებას შეუწყობს ხელს. მიღებული ცვლილებების შედეგად საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტი დამკვიდრდება, რომელსაც ზურაბ ჟვანია დაიკავებს.
ოპონენტები ასევე ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება პარლამენტის ხარჯზე გაიზრდება. პრეზიდენტს უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტს სამი მცდელობის შედეგად.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სწრაფი საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად.
მისი თქმით, კაბინეტის წევრები უნდა იყვნენ „ახალგაზრდა, პროფესიონალი, ენერგიული და სიმპათიური ადამიანები, მათ შორის ქალებიც“.
სააკაშვილმა დასძინა, რომ მისი მიზანია „ევროპული მოდელის მთავრობის ჩამოყალიბება“.