საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს მოუწოდა მხარი დაუჭიროს და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას ითავლისწინებს.
ოპოზიცია და ზოგიერთი იურიდიული ექსპერტი, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროა, რათა მთავრობის ერთიანი, კოორდინირებული გუნდი შევქმნათ არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით. ვიცი, რომ ეს ცვლილებები საკამათო თემა გახდა. ვიცი, რომ ზოგიერთი საკითხი მართლაც საკამათოა. მაგრამ მე ვთხოვ პარლამენტს შეინარჩუნონ ერთიანობა და საშუალება მისცენ ახალ სამთავრობო გუნდს გადადგან აქტიური ნაბიჯები ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც იძლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მოქნილ საშუალებებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.
პარლამენტის მომავალ როლზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის უფლებები კიდევ უფრო გაიზრდება.
„მას [პარლამენტს] ექნება საშუალება დაითხოვოს მთავრობა. ჩვენ ძლიერი ხელისუფლება და მინისტრების ერთიანი ჯგუფი გვჭირდება პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
თავისი ყოფილი მოკავშირის კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ყველამ უნდა გაიღოს გარკვეული მსხვერპლი ერთიანობისთვის“.
„ზურაბ ჟვანიაც კი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, წინააღმდეგი იყო გარკვეული წინადადებებისა კონსტიტუციულ ცვლილებებში, მაგრამ მან თავი შეიკავა პრეტენზიების გამოთქმისგან ხელისუფლებაში ერთობის შენარჩუნების მიზნით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან უარყო ოპონენტების ბრალდება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სპეციალურად ზურაბ ჟვანიასთვის შემუშავდა. „ეს არ არის მართალი“, – დასძინა მან.
დეპუტატი კობა დავითაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტარიზმს უქმნის საფრთხეს და საფუძველს ქმნის ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად.