კობა დავითაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ამის მიზეზად მან სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია და მისი ინიციატივით დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა.


“ჩემთვის მიუღებელია ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობისთვის კონსტიტუციის შეცვლა და ასევე მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, სადაც არის ზურაბ ჟვანია. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ არ შეიძლება კონსტიტუციები ერგებოდნენ კონკრეტულ ადამიანებს, პირიქით ადამიანები უნდა ერგებოდნენ კონსტიტუციას. ეს განცხადება დროულად უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში გადარჩეს პარლამენტარიზმი”, – განაცხადა ბრიფინგზე კობა დავითაშვილმა.


იგი ასევე წინააღმდეგია “ნაციონალების” და “დემოკრატების” გაერთიანების, რაც ოფიციალურად 4 თებერვალს ერთობლივ ყრილობაზე მოხდება. კობა დავითაშვილი ნაციონალურ მოძრაობის წევრებს მოუწოდებს ყრილობაზე არ დაუჭირონ მხარი ამ გაერთიანებას და ასევე კონსტიტუციურ ცვლილებებს, რისი მომხრეც თავად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.


“მოვუწოდებ ნაციონალებს არ დაეთანხმონ მიხეილ სააკაშვილის ამ მოსაზრებას და გადაარჩინონ ქვეყანა და თავად მიხეილ სააკაშვილი”, – აცხადებს კობა დავითაშვილი.

Exit mobile version