გაერო ქართულ და აფხაზურ მხარეებს დათმობისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭომ 30 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელშიც იგი ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით დათმობისკენ მოუწოდებს.


თავის ერთ-ერთ უკანასკნალ მიმართვაში უშიშროების საბჭოსადმი გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები მხარეებს შორის კომპეტენციების გადანაწილების თაობაზე უკვე ორი წელია რაც მიღებულია, მოლაპარაკებები აფხაზეთის მომავალი სტატუსის თაობაზე საქართველოს ფარგლებში ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ხოლო აფხაზური მხარე კვლავ განაგრძობს 1999 წელს ცალმხრივად მიღებული დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის შესრულებას.


გაეროს რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება აფხაზური მხარის უარის თაობაზე განიხილოს მოცემული დოკუმენტი.


ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  „მოლაპარაკებები კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისთვის გარკვეულ დათმობას მოითხოვს როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხარეებისგან. 


რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზურმა მხარემ უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა დაბრუნებულ დევნილთა  დაცვაზე და დანარჩენ დევნილთა დაბრუნებაზე.


გალის რაიონში გაუარესებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეზოლუცია მოუწოდებს აფხაზურ მხარეს გააუმჯობესოს უსაფრთხოების ღონისძიებები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის  მანდატი ივლისამდე გააგრძელა.


ცოტა ხნის წინ დამკვირვებელთა მისიამ ზუგდიდში სამოქალაქო პოლიციელები შეიყვანა; თუმცა მათი განლაგება გალის რაიონში ფერხდება, რადგანაც სოხუმი უარზეა ისინი გალში შეუშვას.


ცოტა ხნის წინ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის ორგანიზაციაც სახელმძღვანელოებს არიგებდა გალის რაიონის ქართულ სოფლებში, უცნობმა პირებმა გაიტაცეს. თუმცა, აფხაზური მხარე ამ ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფს.  

Exit mobile version