რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, „როსიისკაია გაზეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების მოხსნა აფხაზეთისთვის „ხელსაყრელ პირობებს შექმნის კონფლიქტის მოსაგვარებლად“.
ეკონიმიკური სანქციები აფხაზეთისთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის რეზოლუციით დაწესდა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ თბილისი არ შეეცდება იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთი, იმედს გვაძლევს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთზე სანქციების მოხსნის საკითხის განიხილვას შეუდგება“, – აღნიშნა ლოშჩინინმა.
საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვს სავარაუდოდ 15 თებერვალს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.