აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გაეროს მიმართა თხოვნით, ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე, რათა ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებების გაკეთებისგან, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს.
„საქართველოში ძალაუფლების შეცვლის ფონზე ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა იმგვარ განცხადებებს აკეთებს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს სურვილს მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი“, – ნათქვამია არძინბას მიმართვაში გაეროსადმი.
აფხაზური მხარე შეშფოთებულია პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებების გამო, რომ იგი ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და ამისათვის საქართველოს ძლიერი არმია სჭირდება. თუმცა, სააკაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს ხაზგასმით, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ვლადისლავ არძინბას განცხადებით, აფხაზეთს საკმარისი ძალა და ნება გააჩნია იმისათვის, რომ თავისი დამოუკიდებლობა დაიცვას.