საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 28 იანვარს შეშფოთება გამოთქვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დაძაბული ვითარების გამო და განაცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას, რომლიც მიხედვითაც აჭარის მოსახლეობის გაკვეულ ნაწილს იარაღი ურიგდება.
„ჩვენ არ დავუშვებთ სისხლისღვრას აჭარაში“, – დასძინა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, 28 იანვარს ბათუმის ქუჩებში შეიარაღებული პირები პატრულირებას ახორციელებდნენ, მაშინ როცა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის რამოდენიმე ათასი მხარდამჭერი საპროტესტო აქციას მართავდა. აქციის მონაწილენი აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაუშვებდნენ აბაშიძის ჩამოგდებას.
27 იანვარს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული აჭარას“ შექმნის შემდეგ, რომლის მიზანიც „აჭარაში ძალაუფლების მშვიდობიანი შეცვლაა“, ასლან აბაშიძემ გააფრთხილა ცენტრალური ხელისუფლება, რომ „მოვლენები აჭარაში შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად განვითარდეს“, როცა ქართული ჯარები სეპარატისტულ რეგიონებთან სისხლიან კონფლიქტში ჩაებნენ.
სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია აჭარაში დაძაბულობის მოხსნას ცდილობდა, როცა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ აპირებს აბაშიძის ჩამოგდებას და თბილისი მხოლოდ თანამშრომლობას გეგმავს აჭარის ლიდერთან.
მან ასევე უარყო ქართულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ჟვანიას ახალი მოძრაობა „დემოკრატიული აჭარას“ ლიდერის ედვარდ სურმანიძის გამოცხადება სურს ასლან აბაშიძის მემკვიდრედ.
კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ლიდერები, რომლებიც ასევე აბაშიძის ოპონენტები არიან, აცხადებენ, რომ ისინი უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ ბათუმში, რომელზეც აბაშიძის გადადგომას მოითხოვენ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და აჭარის ლიდერის პოლიტიკურმა ოპონენტმა დავით ბერძენიშვილმა „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ძალაუფლების შეცვლა აჭარაში მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
„28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამისათვის“, – განაცხადა ბერძენიშვილმა. მას იმედი აქვს, რომ ის პარტიები, რომლებიც აბაშიძის ოპონენტები არიან, დაამარცხებენ აბაშიძის მომხრე „აღორძინების კავშირს“ არჩევნებზე.