პაუელმა და ივანოვმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა მოსკოვში 26 იანვარს გამართული შეხვედრის დროს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტი და რუსეთის ბაზების საკითხი, განიხილეს.  


ივანოვმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მხარდაჭერა საქართველოსთან კეთილმეზობლური და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებისთვის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.


„ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობასთან შევთანხმდით, რომ როგორც კი ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა, განახლდება სამუშაო ჯგუფების მუშაობა საქართველოდან რუსეთის ბაზების გამოყვანის თაობაზე, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის“, – განაცხადა ივანოვმა 26 იანვარს პაუელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ დაინტერესებულია, რომ საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს.


„ჩვენ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ საქართველოს და ახალ პრეზიდენტს ყველანაირად ამოვუდგებით მხარში. ეს ის სფეროა, სადაც რუსეთსა და ამერიკას შეუძლიათ ითანამშრომლონ. ჩვენი სამხედრო დახმარება მიმართული იყო იმ ტერორისტულ დაჯგუფებებებთან საბრძოლველად, რომლებიც საქართველოში არსებობდნენ“, – განაცხადა პაუელმა.


„ეს მისია სულ მალე დასრულდება და ნორმალური ორმხრივი ურთიერთობები გვექნება საქართველოსთან“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოსთან ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ბაზების გაყვანის საკითხზე, დიალოგი გამართონ.


კოლინ პაუელი და იგორ ივანოვი 25 იანვარს თბილისში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრნენ. მათ მოლაპარაკეკები გამართეს პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წევრებთან.

Exit mobile version