კომპანია “მაგთიკომის” პარტნიორი კომპანია “მეტრომედიის” ხელმძღვანელმა მარკ ჰაუფმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, გენერალურ პროკურატურაში “მაგთის” გენერალური დირექტორის, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძის გია ჯოხთაბერიძის დაკითხვის გამო.
“კომპანიას ბიუჯეტის მიმართებაში დავალიანება არ გააჩნია. ამ მიმართულებით გადახდილია 140 მლნ ლარი” – განაცხადა დღეს მარკ ჰაუფმა.
დღევანდელ პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ედუარდ შევარდნაძის შვილი და გია ჯოხთაბერიძის მეუღლე მანანა შევარდნაძე, რომლის განცხადებით მისი ოჯახი უახლოეს დღეებში პრესის და საზოგადოების წინაშე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. იგი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო პროცესი სამართლიანად წარიმართება.
გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ჯოხთაბერიძე მოწმის სახით 26 იანვარს დაკითხა. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება.