აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს წარმოვადგენ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ეს ისტორიული დღეა და მე აქ ვარ, რათა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს მიმართ. ჩვენ დავეხმარებით ახალ მთავრობას კორუფციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა კოლინ პაუელმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აშშ მიმდინარე ფისკალურ წელს საქართველოს 166 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
„ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეფორმების განხორციელების კარგი მაგალითი უნდა გახდეს“, – აღნიშნა პაუელმა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის სააკაშვილს შეხვდეს და იგი 25 თებერვალს ამერიკაში მიიწვია.
არჩეულმა პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის დახმარების მიმართ და მასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.